
|
ინფორმაცია სტატუს ნეიტრალური დოკუმენტების აღების მსურველებისათვის რას წარმოადგენს პირადობის ნეიტრალური მოწმობა? პირადობის ნეიტრალური მოწმობა არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას და მის საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე. ვის შეუძლია პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღება? პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომელთაც მიღებული არ აქვთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. როგორ მივიღო პირადობის ნეიტრალური მოწმობა სახლიდან გაუსვლელად? სახლიდან გაუსვლელად პირადობის ნეიტრალური მოწმობის მისაღებად, იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე უნდა შეავსოთ ელექტრონული განცხადება განაცხადის ფორმა ატვირთოთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი, საჭიროების შემთხვევაში წარადგინოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღებასთან დაკავშირებით. ვინ შეიძლება იყოს განმცხადებელი პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღებაზე? დისტანციური მომსახურებით პირადობის ნეიტრალური მოწმობის მისაღებად განაცხადის წარდგენა შეუძლია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ, სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს პირადად, არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის ერთ-ერთ მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს. რა საბუთებია საჭირო ონლაინ რეჟიმში პირადობის ნეიტრალური მოწმობის მისაღებად? თუ პირი პირველად იღებს პირადობის ნეიტრალურ მოწმობას, აღნიშნული დოკუმენტის მისაღებად საჭიროა წარდგენილ იქნეს: 1. პირადობის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
2. აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; 4. ბიომეტრიული ფოტოსურათი. ხოლო თუ პირს მიღებული აქვს პირადობის ნეიტრალური მოწმობა, აღნიშნული დოკუმენტების მისაღებად ან შესაცვლელად პირმა უნდა წარადგინოს მხოლოდ ფოტოსურათი და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში დაიტერესებული პირი ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში მატერიალური ფორმით წარადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი. რა დოკუმენტით დგინდება აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად ცხოვრების ფაქტი? აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად ცხოვრების ფაქტის დადასტურებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს: 1. ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტში გაკეთებული ჩანაწერი პირის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე; 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს; 3. არასრულწლოვანი/ქმედუუნარო პირის, ასევე 1992 წლის 31 დეკემბრის შემდგომ დაბადებული პირის შემთხვევაში აღნიშნული პირის დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და მშობლის (მშობლების)/მეურვის/მზრუნველის ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტში გაკეთებული ჩანაწერი პირის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობა. რა ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში ნეიტრალური პირადობის მოწმობის მისაღებად? ონლაინ რეჟიმში პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღებისთვის განაცხადის წარსადგენად დაგჭირდებათ, ვებ-კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი. რამდენია ონლაინ რეჟიმში ნეიტრალური პირადობის მოწმობის გაცემის საფასური და დამზადების ვადა? ონლაინ რეჟიმში პირადობის ნეიტრალური მოწმობა დამზადდება საჭირო საბუთების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში და დამზადების საფასურია 10 ლარი. როგორ შემიძლია მივიღო დამზადებული ნეიტრალური პირადობის მოწმობა? თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დოკუმენტის მიღების თქვენთვის სასურველი ფორმა და მიიღოთ დამზადებული დოკუმენტი: 1.პირადად; 2.მესამე პირის მეშვეობით (მინდობილი პირი); 3.საქართველოში მოქმედი იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით, რომლისთვისაც ნეიტრალური პირადობის მოწმობის მიწოდების საკითხზე გამოხატავთ თანხმობას. როგორ შემიძლია პირადობის ნეიტრალური მოწმობის დამზადებისათვის მომსახურების საფასურის გადახდა? პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის მომსახურეობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საბანკო დაწესებულებაში ნაღდი ანგარისწორებით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა იუსტიციის სახლში. როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა? განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას აღნიშნული მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განაცხადის ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება. რა შემთხვევაში შეიძლება უარი მეთქვას ონლაინ რეჟიმში ნეიტრალური პირადობის მოწმობის მიღებაზე? დისტანციური მომსახურეობით პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირისა და განმცხადებლის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და წარდგენილია შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საბუთები. რას წარმოადგენს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი? ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლეგიტიმურ მაცხოვრებლებს ის აძლევს საზღვარგარეთ გამგზავრების საშუალებას საქართველოს მოქალაქეობის აღიარების გარეშე. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემას საქართველოს მთავრობა დაიწყებს ახლო მომავალში. |
|