|
|
 15.05.2013 რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. 
14.05.2013 რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების დელეგაციას შეხვდა.
30 წევრიან დელეგციას, რომელშიც სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები, დიპლომატები, მეცნიერები და ჟურნალისტები არიან გაერთიანებული, საზოგადოების დირექტორი კლაუს კარსტენ პედერსენი ხელმძღვანელობდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუმრებმა სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს კონფლიქტების დარეგულირებასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ დაუსვეს კითხვები. ქეთევან ციხელაშვილმა მათ კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ძალის გამოყენებას გამორიცხავს და სრულად მშვიდობიან გზებს ეფუძნება. საუბარი, ასევე, შეეხო კონფლიქტების დარეგულირების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების და თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობას. "მისასალმებელია, რომ ევროპელი პარტნიორები დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ახალი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, მათ შორის კომნფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით. საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. ინტერესთან ერთად ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
09.05.2013 რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა.
კერძოდ, პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ვოლფგანგ გროსრუკთან და სამხრეთ კავკასიაში ასამბლეის სპეციალურ წარმომადგნელთან ჟოაო სუარეშთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი. შეხვედრაზე კონფლიქტების დარეგულირების პროცესზე ისაუბრეს. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრობლემები მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ჟენევის პროცესი გაგრძელდეს", - განუცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ვოლფგანგ გროსრუკმა ჟურნალისტებს. სახელმწიფო მინიტრის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონფლიქტების დარეგულირების პროცესში ეუთოს მონაწილეობასა და როლს. "ეუთო წლების განმავლობაში ჩართული იყო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების დარეგულირების პროცესში, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. ეს ორგანიზაცია ამჟამადაც მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ცალსახად და მკაფიოდ მხარს უჭერს. ამ პროცესში ეუთოს როლი მნიშვნელოვანია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
02.05.2013 რუმინეთმა სტატუს ნეირტალური სამგზავრო დოკუმენტი სამგზავრო დოკუმენტად აღიარა. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო.
"2013 წლის 15 მაისიდან, საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის გაცემული "სტატუს ნეიტრალური სამგაზვრო დოკუმენტი" რუმინეთის სახელმწიფოს მიერ მიღებული იქნება, როგორც სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის დაშვებული სამგზავრო დოკუმენტი", - ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაში, რომელიც 2013 წლის 24 აპრილით არის დათარიღებული. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და ნეიტრალური პირადობის მოწმობა წარმოადგენს ჰუმანიტარული ხასიათის საბუთს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას სოციალური სერვისების მიღებისა და საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს. სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ამ დროისათვის უკვე აღიარებულია იაპონიის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, სლოვაკეთის, აშშ-ის, ბულგარეთის, პოლონეთის, ისრაელის, ესტონეთის და რუმინეთის მიერ.
30.04.2013 რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა. კერძოდ, პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრა გამართა ანდრეს ჰერკელთან, ტიიტ ტამსართან და ესტერ ტუიკსოსთან.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ესტონეთის ელჩი საქართველოში პრიიტ ტურკი. "ეს არის პირველი დელეგაცია ესტონეთის პარლამენტიდან მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ესტონეთის გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რუსეთთან ურთიერთობაში, ისე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. საქართველოში ხშირად გაისმის მოსაზრება, რომ თუ ისწრაფვი ნატოსკენ, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა შეუძლებელია. ბალტიისპირეთის ქვეყნები, მათ შორის ესტონეთი, მშვენიერი ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება რუსეთთანაც დალაგებული ურთიერთობა გქონდეს და ამავე დროს მიდიოდე ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. ესტონეთის დელეგაციასთან საუბარი გვქონდა სწორედ იმ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს მსგავს ქვეყნებს ხვდება, როდესაც ერთის მხრივ, რუსეთთან უწევს პაექრობა და მეორეს მხრივ, მკაფიოდ და ცალსახად ევროკავშირისკენ და ნატოსკენ ისწრაფვის", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ესტონელი პარლამენტარების დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.
29.04.2013 რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ჰამბურგში ოფიციალური შეხვედრები გამართა.
კერძოდ, ქეთევან ციხელაშვილი 26 აპრილს ქალაქ ჰამბურგის ვიცე მერს, მეცნიერებისა და კვლევების საკითხებში ქალაქის სენატორს დოროთე შტაპელფელდთს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე გამართა შეხვედრა ექსპერტებთან და ჰამბურგის უნივერსიტეტის მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტთან. შეხვედრებზე კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიდგომები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ქეთევან ციხელაშვილმა გასული კვირის განმავლობაში - 21-დან 29 აპრილამდე ასევე შეხვედრები გამართა ბერლინშიც, როგორც პოლიტიკურ, ისე საექსპერტო წრეებთან და წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე გერმანელმა პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზაობა დაადასტურეს. შეხვედრები გაიმართა ასევე შვეიცარიაში. 24 აპრილს, ქალაქ ბერნში ქეთევან ციხელაშვილი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე კონფლიქტების დარეგულირებაზე და პროცესში შვეიცარიის, როგორც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შუამავლის და ჟენევის პროცესის მასპინძლის, განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს შვეიცარიის, როგორც ეუთოს მომავალი თავმჯდომარის და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისას მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციის მხარდამჭერის როლი. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზეც იმსჯელეს.
|
|