13.06.2012

13 ივნისს, ვიცე პრემიერი/რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქ-ნი ეკა ტყეშელაშვილი შეხვდა ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, ვიცე-პრემიერს და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, ბ-ნ იმონ გილმორს.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ქ-ნმა ეკა ტყეშელაშვილმა ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე, ჟენევის მოლაპარაკებებსა და საქართველოს "ჩართულობის სტრატეგიაზე". სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს დიპლომატიურ ძალისხმევას და დეტალურად აღწერა "ჩართულობის სამოქმედო გეგმით" მიმდინარე სამუშაოები, რის შედეგადაც, "მიუხედავად ოკუპაციისა, საზოგადოება, რომელიც დიდი ხანია გახლეჩილია, აუცილებლად შეძლებს კავშირების აღდგენას" -განაცხადა ქ-ნმა ეკა ტყეშელაშვილმა.

ეუთო-ს დელეგაცია საქართველოში იმყოფება ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, რომლის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ბ-ნ გრიგოლ ვაშაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე, ბ-ნ დავით ბაქრაძესთან, ასევე შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრეზიდენტ, ბ-ნ მიხელ სააკაშვილთან.

11.06.2012

11 ივნისს, ვიცე პრემიერი/რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქ-ნი ეკა ტყეშელაშვილი იტალიის სენატის ევროკავშირის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრა გაიმართა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში. სახელმწიფო მინისტრმა, ქ-ნმა ეკა ტყეშელაშვილმა ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ნატო-ში ინტეგრაციასა და ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართ საქართველოს "ჩართულობის სტრატეგიასა" და სამოქმედო გეგმის კონკრეტულ საკითხებზე. დელეგაციის ხელმძღვანელმა, იტალიის სენატის ევროკავშირის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქ-ნმა როსანა ბოლდიმ მხარდაჭერა გამოხატა ოკუპირებული რეგიონების მიმართ საქართველოს პოლიტიკის მიმართ.

07.06.2012

30 მაისს საქართველომ ევროსაბჭოს წარუდგინა მეორე ანგარიში ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე.

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინტეგრაციისა და ტოლერანტობის საბჭოს, 2011 წლის 4 ივლისს შექმნილი, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ზემოხსენებული ანგარიში ასახავს საქართველოს მიერ ეროვნული უმცირესობების დაცვის მიზნით მიღებულ საკანონმდებლო, სამართლებრივ, ადმინისტრაციულ და სხვ. ზომებსა და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროგრესს 2007 წლის 1 მარტის პირველი ანგარიშიდან დღემდე. მეორე ციკლის სახელმწიფო ანგარიშის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ეროვნული უმცირესობების დაცვის პრობლემატიკაზე მომუშავე არასამთვრობო ორგანიზაციები და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები.

საქართველო ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროსაბჭოს ჩარჩო კონვენციას 2005 წლის 22 დეკემბერს შეუერთდა. წევრი სახელმწიფო ჩარჩო კონვენციის ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის შესახებ პირველ ანგარიშს კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში აბარებს, ხოლო შემდეგ -- ხუთ წელიწადში ერთხელ ან მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე.

აღნიშნული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

05.06.2012

აშშ-სა და ევროკავშირის ექსპერტების, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უშუალო ჩართულობის და მათთან აქტიური კონსულტაციების შედეგად

საქართველოს მთავრობამ 2010 წელს მიიღო სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით და მისი თანამდევი ჩართულობის სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტები ითვალისწინებს ნეიტრალური პირადობის მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის.

შესაბამისად, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და ნეიტრალური პირადობის მოწმობა წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის განკუთვნილ დოკუმენტებს, რომლებიც ამ რეგიონების მოსახლეობას საშუალებას აძლევს მიიღოს სოციალური სერვისები და თავისუფლად გადაადგილდეს საზღვარგარეთ.

ნეიტრალური დოკუმენტების გაცემა დაიწყო 2011 წლის ბოლოს, როდესაც დასრულდა ყველა საჭირო შიდასამართლებრივი პროცედურა. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობა მზარდ ინტერესს გამოხატავს აღნიშნული დოკუმენტების მიმართ.

ნეიტრალური დოკუმენტები ნეიტრალურია მოქალაქეობის მიმართ. მათი მიღება შესაძლებელია ნებისმიერ იუსტიციის სახლში განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. განაცხადის მიღება ხდება ონლაინ (იუსტიციის სახლის ვებგვერდზე), პირადად ან უფლებამოსილი მესამე პირის მეშვეობით.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ამ დროისათვის აღიარებულია იაპონიის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, სლოვაკეთის და აშშ-ის მიერ. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ინტენსიურ კონსულტაციებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და სხვა ქვეყნებთან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების შემდგომი აღიარების უზრუნველსაყოფად.

04.06.2012

2 ივნისს, სახელმწიფო კანცელარიის დარბაზში, გაიმართა მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი".

მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი" გაიმართა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს თბილისის და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა და ფოლკლორულმა ანსაბლებმა. აღნიშნულ ფესტივალზე სულ 175 მონაწილე წარსდგა მაყურებლის წინაშე.

ვიცე პრემიერმა ქ-მა ეკა ტყეშელაშვილმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, ქ-მა მაკო ჭოღოშვილმა, ფესტივალის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადასცეს mp3 პლეიერები და სიგელები, ხოლო მუსიკალური სკოლების დირექტორებსა და ფესტივალის სოლისტებს გადაეცათ დიპლომები. ამასთანავე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბ-ნი ნიკოლოზ რურუას ბრძანებით 11 პედაგოგს (ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს) მიენიჭა დამსახურებული პედაგოგის წოდება და გადაეცათ ერთჯერადი პრემია 300 ლარის ოდენობით.

მონაწილე ბავშვებს მიესალმა და წარმატებები უსურვა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ქ-მა თამარ კინწურაშვილმა.

აღნიშნული პროექტის პარტნიორია სს "თიბისი ბანკი".

რომელ მიმართულებას შეუძლია ყველაზე მეტად შეუწყოს ხელი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის დეიზოლაციას?
განათლების ხელმისაწვდომობა
ერთობლივ კულტურულ პროექტებში მონაწილეობა
სახალხო დიპლომატია
ვაჭრობა და თავისუფალი გადაადგილება
Copyright © 2009-2013 სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში ყველა უფლება დაცულია.